ka | en
Company Slogan TODO

გაუდაბნოება-ნიადაგების დეგრადაციის ფაქტორი

ავტორი: სალომე ლომიძე
თანაავტორები: სალომე ლომიძე
საკვანძო სიტყვები: გაუდაბნოება, დეგრადაცია.
ანოტაცია:

მიწების დეგრადაციის კუთხით გაუდაბნოება და გვალვა გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენენ. ისინი აზარალებენ მსოფლიოს ყველა რეგიონს, მასთან ბრძოლა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ მოქმედებას საჭიროებს. გაუდაბნოება დედამიწის მოსახლეობის ერთ მესამედს ემუქრება, რაც დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს ტოვებს შემოსავლის წყაროს და საცხოვრებელი პირობების გარეშე. დღეს მსოფლიოში გაუდაბნოების შედეგად 24 მილიონი ეკომიგრანტია. სტატისტიკური გათვლებით, 2050 წლისთვის მათმა რაოდენობამ შეიძლება 200 მილიონს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული გაუდაბნოება ბუნებრივი მოვლენაა, ანთროპოგენური ფაქტორის უშუალო გავლენა ამ პროცესზე საკმაოდ შთამბეჭდავია. კერძოდ ეს არის არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, ტყის უკონტროლო ჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, არასწორი ირიგაცია, ხელოვნური ხანძრები, სამელიორაციო სისტემების მოშლა, ნიადაგების დაბინძურება, ეროზიული პროცესები, ნიადაგების მეორადი დაჭაობება და დამლაშება, სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალის ღია წესით მოპოვება და სხვა. მიწის დეგრადაციის ერთ-ერთი, მსოფლიოში ცნობილი სახეა გაუდაბნოება, რომელიც მშრალი სტეპებისა და ნახევარუდაბნოების მცენარეული საფარის თანდათანობით დაკარგვას იწვევს. საქართველო არ იმყოფება უდაბნოების ზონის უშუალო სიახლოვეს, მაგრამ მოსალოდნელი გლობალური დათბობის ფონზე მის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგიერთ რეგიონს (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) სისტემატური გვალვიანობის შემთხვევაში შეიძლება რეალურად შეექმნას ლოკალური გაუდაბნოების საშიშროება. საქართველოში გაუდაბნოების პროცესს განიცდის 3 000 კმ2, ანუ 300 000 ჰა; გაუდაბნოების პროცესის გააქტიურება შეიმჩნევა სამხრეთ საქართველოშიც - ახალციხის ქვაბულსა და შიდა ქართლში (კასპის რაიონი), სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქარსაცავი ზოლების თითქმის მთლიანად განადგურების, გვალვების სიხშირის გაზრდისა და ნალექების დეფიციტის პირობებში მომატებული ტემპერატურის ფონზე გაძლიერდა ქარისმიერი ეროზიის პროცესი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com