ka | en
Company Slogan TODO

კავკასიის უდაბნოების ფსილიდოფაუნა (Hemiptera, Psylloidea): ტაქსონომიური შემადგენლობა და რეფუგიული ცენტრები

ავტორი: არნოლდ გეგეჭკორი
საკვანძო სიტყვები: კავკასია, უდაბნოს ფსილიდოფაუნა, არაქსის ხეობა, ფაუნის ინსულარიზაცია
ანოტაცია:

1962-2017 წლებში ვსწავლობდი ზოგადად კავკასიის ბიოტისა და, კერძოდ, მის ფსილიდოფაუნას. ამჟამად რეგიონის ფაუნის სახეობრივი შემადგენლობა 210 სახეობას ითვლის [1]. კავკასიის სხვადასხვა ბიომში ფაუნის სახეობრივი რაოდენობა განსხვავებულია. მაგალითად, ტყეების ფსილოდეა წარმოდგენილია 82 სახეობით (39%), სტეპები და ნათელი ტყეეები - 51 (24%), მთიანეთი - 35 (16%) და უდაბნოები - 43 (20%). კავკასიის საკუთრივ უდაბნოების 43 სახეობიდან ჩრდილოეთ კავკასიაში ცნობილია 13 სახეობა (30%), აღმოსავლეთ კავკასიაში - 21 (48%), უკიდურეს სამხრეთ კავკასიაში - 33 (76%). უდაბნოების პირველი ორი რეგიონი წარმოადგენს მიმდებარე თურანის (შუა აზია) უდაბნოთა ფრიად გაღარიბებულ ფაუნას, რაც სათანადო ბიოგეოგრაფიული ფილტრის შედეგია. სულ სხვა გარემოებას ვხვდებით უკიდურეს სამხრეთ კავკასიაში. აქ, მდინარე არაქსის შუა წელში, გამოვლენილია ფსილოდეას 130 სახეობა, მათ შორის, მეცნიერებისათვის პირველად აღვწერე 13 ენდემური სახეობა. ხეობის ეს ფაუნა რიცხობრივად აღემატება კავკასიის ნებისმიერ სხვა რეგიონის სათანადო ფაუნებს. ხეობაში ფსილიდოფაუნის მსგავსი სიმდიდრე განპირობებულია კავკასიისათვის მხოლოდ ამ რეგიონის სპეციფიკური ფლორის - ფრიგანის, ჰამადისა და მთის ქსეროფიტებით (ფსილიდოფაუნა თერმოფილური ფიტოფაგებია). ყურადღების ღირსია კიდევ ერთი გარემოება: არაქსის ხეობა გარდამავალი, საკვანძო, სახმელეთო ხიდია სამხრეთ თურანსა და ჩრდილოეთ ირანს შორის. ამ უკანასკნელი რეგიონით არაქსის შუა წელი, გეოლოგიურ წარსულში, პირდაპირ კავშირში უნდა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ამჟამად, არაქსის ხეობა ახლო აღმოსავლეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ექსკლავია. ეს დასტურდება არაქსის შუა წელის ჰაბიტატთა (ქვიშის, მლაშნარი და ქვიანი გრუნტის უდაბნოები, მთის ქსეროფიტები და ჭალის (ტუგაის) ტიპის ტყეები) კვლევით. გამოვლენილ, უნიკალურ სახეობებს, ენდემების ჩათვლით, გააჩნიათ ვიკარიანტული სახეობები ჩრდილოეთ ირანთან. ფაუნის ბიოგეოგრაფიულმა ანალიზმა ცხადი გახადა არაქსის ხეობის რეფუგიულობისა და აქ წარმოდგენილი ფაუნის რელიქტურობის არსი. როგორ მოხდა ამ ინსულარული ფაუნის იზოლირება ახლო აღმოსავლეთის ფაუნის ანცესტრალური ძირებიდან? გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა ორ აბიოტურ ფაქტორს: პირველი - ალპურ-ჰიმალაიურ მთათწარმოქმნას, რაც შეეხო ზაგროსის მთიან სისტემასაც. ამ უკანასკნელმა ითამაშა წყალგამყოფის როლი, რაც ახლო აღმოსავლეთის ფლორა-ფაუნის არაქსის ხეობისაგან იზოლაციაშიაც აისახა. ხეობის იზოლაციის პროცესში მეორე ფაქტორი უნდა ყოფილიყო პლიო-პლეისტოცენური აცივება-გამყინვარებები, მოგვიანებით კი ჰოლოცენური დათბობა. მსგავსმა უმნიშვნელოვანესმა აბიოტურმა ფაქტორებმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთის უდაბნოს ბიოტის ფრაგმენტაცია, რაც, როგორც ითქვა, არაქსის ხეობასაც შეეხო.


მიმაგრებული ფაილები:

The psyllid fauna (Hemiptera, Psylloidea) of deserts of the Caucasus: taxonomical composition and refugial centers [en]
კავკასიის უდაბნოების ფსილიდოფაუნა (Hemiptera, Psylloidea): ტაქსონომიური შემადგენლობა და რეფუგიული ცენტრები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com