ka | en
Company Slogan TODO

საფერავის ფლავონოიდების ეფექტების შედარება ქვერცეტინისა და აზოტის ოქსიდის-სინთაზას ბლოკატორის ეფექტებთან კაინის მჟავას ეპილეფსიის ცხოველურ მოდელში

ავტორი: ბუციკო ჩხარტიშვილი
თანაავტორები: მ. ქურასბედიანი, რ. ბუკია, მ. ალანია, ე. მითაიშვილი, მ. სვანიძე, ნ. დორეული
საკვანძო სიტყვები: საფერავი, ქვერცეტინი, აზოტის ოქსიდის ბლოკატორი, -ეპილეფსიის სტატუსი
ანოტაცია:

ეპილეფსია სპონტანური განმეორებადი კრუნჩხვებით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ცვლის პაციენტთა კოგნიტურ ფუნქციებს, განსაკუთრებით დასწავლა/მეხსიერებას [1]. ეპილეფსიის მკურნალობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეული წარმოშობის ფლავონოიდებს, რადგან ისინი ბოჭავენ რეაქტიული ჟანგბადის ფორმებს და თრგუნავენ პათოლოგიურ აზოტის ოქსიდს(NO), რომელთა რაოდენობის ზრდაც ნაჩვენებია ეპილეფტოგენეზში[2]. ჩვენს წინა ექსპერიმენტებში ნაჩვენებია საფერავის ფლავონოიდების (სფ) ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები: სფ ამცირებს ასაკთან დაკავშირებულ მალონდეალდეჰიდის ზრდას, იწვევს კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსით(კმ-ეს) განპირობებული ქცევითი და მეხსიერების დარღვევის კორექციას. მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა საფერავის ფლავონოიდების მოქმედების შესაძლო მექანიზმები. კვლევის ამოცანა იყო შეგვეფასებინა კმ-ეს-ით განპირობებულ ქცევით და სტრუქტურულ ცვლილებებზე ადრეულ ეპილეფტოგენეზის სტადიაზე სფ-ით კვების ეფექტები და მონაცემები შეგვედარებინა ანტიოქსიდანტ ქვერცეტინისა და აზოტის ოქსიდის ბლოკატორის L-NAME-ს ეფექტებთან. ექსპერიმენტები ტარდებოდა 8-10 კვირის თეთრ ლაბორატორიულ ვირთაგვებზე, ეპილეფსიური სტატუსის გამოსაწვევად ვიყენებდით კაინის მჟავას ერთჯერად ინექციას (15მგ/კგ), ეპილეფსიით განხორციელებული ცლილებები შევაფასეთ მორფოლოგიურ და ქცევით ექსპერიმენტებში და აღნიშნულ ცვლილებებზე განვსაზღვრეთ სფ (25მგ/კგ). ქვერცეტინისა(25მგ/კგ) და L-NAME-ს(40მგ/კგ) 8 დღიანი ადმინისტრაციის ეფექტები. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სფ-ით კვება ამცირებს კმ-ეს-ით გამოწვეულ ქცევით დარღვევებს: კრუნჩხვების რაოდენობა და ხანგრძლივობა სტატისტიკურად სარწმუნოდ მცირდება, რაც კორელაციაშია დასწავლა/მეხსიერების პარამეტრების ცვლილებასთან. ქვერცეტინის ეფექტები ეპილეფსიით გამოწვეულ ქცევით დარღვევებთან მიმართებაში უფრო სუსტად იყო გამოხატული. L-NAME ამცირებდა კრუნჩხვების რაოდენობასა და ხანგრძლივობას, მაგრამ აძლიერებდა ეპილეფსიით განპირობებულ მეხსიერების დარღვევას. მორფოლოგიური ექსპერიმენტების მონაცემები (კმ+სფ) და (კმ+L-NAME) ჯგუფში აღმოჩნდა კორელაციაში ქცევითი ექსპერიმენტების მონაცემებთან: კრუნჩხვების შემცირების ფონზე კმ-ეს-ით განპირობებული ნეირონთა კვდომა აღარ გამოვლინდა. ქვერცეტინი აუმჯობესებდა დასწავლის ტესტს, თუმცა ცუდი ბიოშეღწევადობის გამო ჰიპოკამპის სტრუქტურის დაცვა არ აღინიშნა. შესრულებულია რუსთაველის ფონდის გრანტის FR/617/7-270/13 ფარგლებში.


მიმაგრებული ფაილები:

A comparison of the effects of Saperavi flavonoids, Quercetin and NOS-blockers on kainite rat-model of epilepsy [en]
საფერავის ფლავონოიდების ეფექტების შედარება ქვერცეტინისა და აზოტის ოქსიდის-სინთაზას ბლოკატორის ეფექტებთან კაინის მჟავას ეპილეფსიის ცხოველურ მოდელში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com