ავტორიზაცია
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (ქლლ) უჯრედებში CD180-ის ექსპრესიის კორელირების შესწავლა T-უჯრედების პროცენტულ მაჩვენებელთან
ავტორი: ნინო მაისურაძეთანაავტორები: თამარ ცერცვაძე
საკვანძო სიტყვები: ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, იმუნოფენოტიპირება, CD180-ის პროგნოსტიკური მნიშვნელობა
ანოტაცია:
კვლევის მიზანი: ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) მეტად ჰეტეროგენული დაავადებაა, როგორც გენეტიკური მახასიათებლებით, ასევე იმუნოფენოტიპით და ეს ჰეტეროგენულობა გამოისახება პაციენტთა პროგნოზშიც. ჩვენი ჯგუფის მიერ, ნაჩვენები იყო, რომ CD180 - Toll-მსგავსი რეცეპტორების (TLR) ოჯახის ერთერთი წევრი, ჰეტეროგენულად ექსპრესირდება ქლლ უჯრედებზე. CD180-ის უფრო მაღალი ექსპრესია დამახასიათებელია დაავადებულთა ჯგუფისთვის, რომელთაც უკეთესი პროგნოზი გააჩნიათ. ქლლ-ით დაავადებულ პირებში დაავადების ბოლო სტადიებს, თან ახლავს ძლიერი T უჯრედული დეფიციტი. წარმოდგენილ ნაშრომში, ჩვენ შევეცადეთ გავაღრმაოთ ჩვენი წარმოდგენა ფუნქციურ კავშირზე CD180+ ლეიკემიურ და CD3+ T უჯრედებს შორის. მეთოდოლოგია: ზედაპირული მარკერების ექსპრესიის დონის შეფასება ხდებოდა გამდინარე ციტომეტრზე იმუნოფენოტიპირების გზით (FACScan, beckton & Dicinson) შეფასდა B - უჯრედული რეცეპტორის სასიგნალო გზის მარეგულირებელი მოლეკულები: CD5 წარმოადგენდა ნეგატიურ რეგულატორს, ხოლო CD19-პოზიტორ რეგულატორს. შედეგები: მიღებული შედეგების მიხედვით გამოვლინდა CD180-ის ექსპრესიის დონის პირდაპირი კორელაცია CD3-ის ექსპრესიის დონესთან (r=0.77, p=0.0001). პარალელურად დადგინდა, რომ CD180+ უჯრედების პროცენტული მაჩვენებელი უკუკორელირებს CD3+ უჯრედების პროცენტულ მაჩვენებელთან (r.=-0.483, p=0.04). ორივე აღნიშნული კორელაცია საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოდ CD180+ უჯრედების შესაძლო როლზე T უჯრედულ დეფიციტში ქლლ-ის დროს. შედეგების განხილვა: ჩვენი ჯგუფის წინა მონაცემების მიხედვით, CD180-ის შებოჭვას შეიძლება მოყვეს B უჯრედის ზედაპირზე აქტივაციური მარკერის CD86-ის ექსპრესია, რომელსაც შეუძლია დაუკავშირდეს ან CD28–ს ან CTLA-4-ს, CD3+ T უჯრედების ზედაპირზე, პირველ შემთხვევაში მოხდება T უჯრედის აქტივაცია, მეორე შემთხვევაში – განადგურება. ქლლ-თვის დამახასიათებელია CD28-ის დაბალი ხოლო CTLA-4–ის - მაღალი ექსპრესიის დონე, რითაც შეიძლება აიხსნას პირდაპირი კორელაცია CD180-ის ექსპრესიის ინტენსივობასა და CD3-ის ექსპრესიის ინტენსივობას შორის. დასკვნა: მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შემოთავაზებული ვარაუდები მიგვანიშნებს CD180-ის შესაძლო საკვანძო როლზე ქლლ-ის დროს იმუნოდეფიციტური მდგომარეობის განვითარებაში, შესაბამისად CD3-ისა და CD180-ის ექსპრესიის პროგნოსტიკულ მნიშვნელობაზე ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტებში.