ავტორიზაცია
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (ქლლ) უჯრედებში CD 180-ის ექსპრესიის კორელირების შესწავლა
ავტორი: ნათია დავითაშვილიანოტაცია:
შესავალი: ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) ხასიათდება CD19+ CD5+CD23+ უჯრედების კლონური ექსპანსიით. ქლლ ჰეტეროგენული დაავადებაა და ნაჩვენები იყო, რომ ქლლ შემთხვევები შეიძლება დაიყოს ორ ქვეჯგუფად: მუტირებული IgVH გენებით (კარგი პროგნოზი, დაავადების ნელი მსვლელობა) და არამუტირებული IgVH გენებით (ცუდი პროგნოზი, დაავადების აგრესიული მსვლელობა). ჩვენი ჯგუფის წინა კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ Toll-მსგავსი რეცეპტორების ოჯახის წევრის, CD180-ის ექსპრესია ქლლ-ის დროს კორელაციაშია IgVH გენების მუტაციურ სტატუსთან, კერძოდ: CD180 ძირითადად ექსპრესირებულია მუტირებული IgVH გენების მქონე პაციენტებში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, CD180-ის ექსპრესია გარკვეულ წილად შეიძლება ჩაითვალოს დაავადების კლინიკური მსვლელობის პროგნოსტიკულ მარკერად ქლლ-ის დროს. ასევე, ცოტა ხნის წინ, იდენტიფიცირებულ იქნა ქლლ-ის დამატებითი პროგნოსტიკული ფაქტორი - „უჯრედების ჩრდილების“ პროცენტული რაოდენობა პაციენტთა პერიფერიული სისხლის ნაცხებში. ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა შესაძლო კორელაცია CD180-ის ექსპრესიის დონესა ა)ქლლ-ის პროგნოსტიკულ ფაქტორებთან („უჯრედების ჩრდილების“ პროცენტულ რაოდენობა, CD38 ექსპრესიის დონე); ბ)ქლლ უჯრედების ფენოტიპურ პროფილთან (CD19, CD5, CD23); მეთოდოლოგია: კვლევისთვის გამოვიყენეთ 32 ქლლ ავადმყოფის პერფერიული სისხლის მონონუკლეური უჯრედები (პსმუ). ზედაპირული მარკერების ექსპრესიის დონის შეფასება ხდებოდა იმუნოფენოტიპირების გზით, შედეგების ანალიზს ვახდენდით გამდინარე ციტომეტრის გამოყენებით FACScan (Beckton & Dicinson). უჯრედული ჩრდილების პროცენტილ რაოდენობას დასადგენად ნაცხის მომზადება ხდებოდა ქლლ ავადმყოფების ჰეპარნიზებული სისხლისგან სოლისებური მეთოდით. პრეპარატების დათვლას ვახდენდით მიკროსკოპის საშუალებით. თითოეულ პრეპარატზე ვითვლიდით 200 უჯრედს: აქედან 100 - უჯრედს ერთ კიდესთან, ხოლო 100 - საპირისპირო კიდესთან. შედეგი: ჩვენი მონაცემების მიხედვით CD180-ის ექსპრესიის შეფარდებითი ფლუორესცენციის ინტენსივობა პირდაპირ კორელირებდა უჯრედული ჩრდილების პროცენტულ მაჩვენებელთან (r=0.53, p=0.02 ) და უკუ-კორელირებს CD38 ექსპრესიის დონესთან (r=-0.4, p=0.03 ). ასევე დავადგინეთ რომ CD180-ის ექსპრესია უკუ-კორელირებს CD38-ის (r=-0.53, p=0.0063) და Zap-70-ს (r=0.123,p=0.002) ექსპრესიის დონეებთან. დასკვნა: იმის გათვალისწინებით, რომ CD38-ის და Zap-70-ს მაღალი ექსპრესია აღიარებულია დაავადების აგრესიული მსვლელობის მარკერად, ჩვენი მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ „უჯრედების ჩრდილების“ მაღალი პროცენტული რაოდენობა დაკავშირებულია უფრო ხელსაყრელ პროგნოზთან.