ავტორიზაცია
ნანონაწილაკების დამაგნიტების პროცესის თავისებურებანი ბლოკირების ტემპერატურის ქვემოთ
ავტორი: არჩილ უგულავათანაავტორები: ს. ჩხაიძე, რ. აბრამიშვილი
საკვანძო სიტყვები: სუპერპარამაგნეტიზმი, მაგნიტური ნანონაწილაკები, ნანომასალები
ანოტაცია:
ნანონაწილაკების მაგნიტური ანიზოტროპიის ენერგია ქმნის სიმეტრიულად განლაგებულ ორ პოტენციურ ორმოს. მაგნიტური ველის არარსებობის დროს, ნაწილაკები თანაბრად ნაწილდებიან ორმოებში და ორიენტირებულნი არიან ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. ფხვნილოვან ნაერთებში, ბლოკირების ტემპერატურის ზემოთ, სხვადასხვა ორმოში მყოფ ნაწილაკებს შორის ხდება ბარიერსზედა გადასვლები და შეიძლება წარმოიქმნას სუპერმაგნიტური მდგომარეობა, ხოლო ამ ტემპერატურის ქვემოთ ნაწილაკები ”ბლოკირებული” არიან ორმოებში და თანაბრად არიან განაწილებული მათში. მაგნიტურ ველში პოტენციური ორმოების კონტურები კარგავენ სიმეტრიულობას - წაინაცვლებს როგორც თვითონ ბარიერი, ასევე ორმოები ერთმანეთის მიმართ. ბარიერის მარჯვნივ წანაცვლებისას მარცხენა ორმოში, რომელშიც ჩვეულებრივ ხვდებიან ველის მიმართულებით ორიენტირებული ნანონაწილაკები, ჩნდება რაღაც არე საწინააღმდეგო ორიენტაციის ნანონაწილაკებისთვისაც ამავე ორმოდან. საბოლოოდ მაგნიტური ველის ჩართვა იწვევს დამაგნიტების შემცირებას და არა მის ზრდას, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. მარჯვენა ორმო (რომელშიც ველის არარსებობის დროს ხვდებიან ველის საწინააღმდეგოდ ორიენტირებული ნაწილაკები) ვიწროვდება და ამიტომ ნანონაწილაკები პერიფერიული არიდან გადაადგილდებიან ამ ორმოს ცენტრისაკენ. ეს თავის მხრივ იწვევს მარჯვენა ორმოს ნაწილაკების უარყოფითი დამაგნიტების ზრდას. საბოლოოდ, ორივე ორმოდან ჩნდება ჯამური დამაგნიტება მიმართული ველის საწინააღმდეგოდ, რაც ტოლფასია კიურის უარყოფითი კონსტანტის გაჩენისა.