ავტორიზაცია
ორექსინის ეფექტების შესწავლა ჰიპოკამპის CA1/CA3 ველებში ნეირონულ აქტივობაზე საკონტროლო და კაინის მჟავას - ეპილეფსიის ცხოველურ მოდელში
ავტორი: ნანული დორეულითანაავტორები: მ. ქურასბედიანი, ა. ჭახნაკია, მ. ჩიქოვანი, გ. ქუთელია,ა. კაკაბაძე, ბ. ფარცვანია
საკვანძო სიტყვები: ეპილეფტოგენეზი, ორექსინი, ჰიპოკამპი, CA1/CA3 ველები
ანოტაცია:
ეპილეფსია ცნს-ის ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სპონტანური განმეორებადი კრუნჩხვები[1]. ეპილეფსია ზრდის ძილის პათოლოგიების გამოსწვევის რისკს[2], რასაც შეუძლია გამოიწვიოს კრუნჩხვების სიხშირის გაზრდა[3] და ცხოვრების ხარისხის შემდგომი გაუარესება კოგნიტური პროცესების დაქვეითებისა და ფსიქოლოგიური დარღვევების განვითარების გამო. კარგადაა ცნობილია ორექსინერგული სისტემის როლი ფიზიოლოგიურ პროცესებში, ნაჩვენებია მისი მონაწილეობა ნარკოლეფსიისა და კვებითი დარღვევების პათოფიზიოლოგიაში, თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა მისი როლის შესახებ ეპილეფტოგენეზში. ორექსინერგული ნეირონები დაკავშირებულია კრუნჩხვების-გენერატორ ჰიპოკამპის ნეირონულ წრეებთან[4]. წინა ექსპერიმენტებში კაინის მჟავას ეპილეფსიის ვირთაგვას მოდელში (კმ-ეს) ჩვენ ვაჩვენეთ ორექსინ-ბ პოზიტიური უჯრედების რაოდენობის შემცირება ჰიპოთალამუსში და მეხსიერების დაქვეითება, რაც კორელირებდა ჰიპოკამპში სტრუქტურულ ცვლილებებთან. ჰიპოკამპთან დაკავშირებულ ფუნქციებში ორექსინერგული სისტემის როლის შეფასების მიზნით, საკონტროლო და კმ-ეს-ით მოდელში შევისწავლეთ ორექსინის ეფექტები CA1/CA3 ველებში ნეირონულ აქტივობაზე. In vivo ექსპერიმენტებში ლაბორატორიულ ვირთაგვებში (120-150გრ) ორექსინის ეფექტებს ვაფასებდით ჰიპოკამში ფონურ აქტივობასა და ბიპოლარული ინტრაჰიპოკამპური სტიმულაციით გამოწვეულ ველის პოტენციალებზე. კმ-ეს-ის მისაღებად ხდებოდა კაინის მჟავას ინტრაპერიტონული ინექცია(15მგ/კგ). მეტალის სამპოლარული ელექტროდები ინერგებოდა სტერეოტაქსულად პაქსინოზისა და ვატსონის ატლასის მიხედვით კოორდინატები: CA1:AP3.8mm, L2.8mm, H2.8mm. CA3:AP3.8mm, L4.1mm, H3.7mm. ინტრავენტრიკულური ინექცია ხორციელდებოდა ქემიტროდით. ჰიპოკამპის ნეირონული აქტივობის რეგისტრაცია და ანალიზი მიმდინარეობდა პროგრამა Chart5-ით, ხოლო სტატისტიკური დამუშავება PRIZMA-ით. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ორექსინი-A საკონტროლო ცხოველებში იწვევს ფონური აქტივობის სიხშირის ზრდას და ამცირებს პასუხების ამპლიტუდას, ხანგრძლივობასა და Tmax.slope-ს CA1 ველში, სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილებები არ აღინიშნა CA3. CA1 ველში ორექსინი-A ორექსინ1 რეცეპტორების აქტივაციის გზით, ზრდის გამოწვეული პასუხების ამპლიტუდას და იწვევს წყვილადი გაადვილების პოტენცირებას. CA3-ში ორექსინის ეფექტები იყო შემაკავებელი. კმ-ეს-ით გამოწვეული ცვლილებები CA1/CA3 ველებში განსხვავებული ხასიათის იყო და ეპილეფსიით გამოწვეული ცვლილებები ცვლიდა ორექსინის მოქმედების ეფექტებს. განიხილება შესაძლო მექანიზმები.
მიმაგრებული ფაილები:
Investigation the effects of orexins on neuronal activity of CA1/CA3 fields of the hippocampus in control and kainate-induced epilepsy rats [en]ორექსინის ეფექტების შესწავლა ჰიპოკამპის CA1/CA3 ველებში ნეირონულ აქტივობაზე საკონტროლო და კაინის მჟავას-ეპილეფსიის ცხოველურ მოდელში [ka]