ავტორიზაცია
პლინსბახ-ტოარსული ბაზალტური ვულკანური კომპლექსის, როგორც მოსაპირკეთებელი ქვის ნედლეულის, მოპოვების პერსპექტივები მდ.ალაზნის ზემოწელში, ახალი გეოლოგიური მონაცემების მიხედვით
ავტორი: კარლო აქიმიძეთანაავტორები: გიორგი დარჩიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ფილა, ბაზალტი, ტუტე
ანოტაცია:
ალაზანგაღმა კახეთის ტერიტორიის ძირითად ნაწილს აგებს ქვედა-შუა იურული ასაკის ფსამიტო-ალევრო-პელიტური ფიქლების სერია, რომლის შემადგენლობაშიც ფიქსირდება ვულკანური აქტივობის 3 დონე: 1. ჰეტანგ-სინემურული -რიოდაციტური, სტორის წყებაში; 2. გვიანპლინსბახ-ადრეტოარსული -ბაზალტური -წიკლაურის წყებაში და 3. გვიან აალენ-ადრებაიოსური- ანდეზი-ბაზალტური- ალმატის წყებაში. აღნიშნული ვულკანური აქტივობებიდან პლინსბახ-ტუარსული მაგმატიზმი ხასიათდება უფრო მეტი ფართობული გავრცელებითა და შემადგენელი კომპლექსების მეტი ნაირგვარობით. ამასთან მათი მინერალოგიურ-პეტროგრაფიული შედგენილობა, ფერთა ნაირგვარობა და ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლები მაგმურ კომპლექსს წარმოაჩენს, როგორც ძვირფას სანახელავო და საამშენებლო- მოსაპირკეთებელი ქვის ნედლეულს. ამ ვულკანური კომპლექსის გამოსავლების გამოვლენისა და მათი საამშენებლო მიზნებისთვის მოპოვების პერსპექტიულობის განსაზღვრის მიზნით, გასულწელს-ჩვენს მიერ, საველე გეოლოგიური სამუშაოები შესრულდა მდ.ალაზნის ზემო წელში. დადგინდა, რომ გვიანპლინსბახ-ადრეტოარსული ვულკანიზმი კარგად არის გამოვლენილი შესწავლილ ტერიტორიაზე, კერძოდ მდინარე ალაზნის მარჯვენა შენალადების - ქვაჩადალასა და ლამაზურის შუამდინარეთში. ვულკანური კომპლექსი, მათი ძირითადი გამოსავლების სახით შიშვლდება ქვაჩადალა-ლამაზურის წყალგამყოფ ქედზე 2100-2200 მეტრ სიმაღლეზე. გამოსავლის სიმძლავრე 150 მეტრს აღწევს, აფიქსირებს კარგად გამოხატულ რღვევის ზონას; აქვს საერთოკავკასიური მიმართება 15-200 დაქანების აზიმუტითა და 35-400 დაქანების კუთხით. ვულკანიტები, მიმართებაზე, წყვეტილი გამოსავლების სახით დაიკვირვება ქვაჩადალის მარცხენა და ლამაზურის ორივე ფერდზე და მიმართებაზე იდევნება 3 კმ-ზე. კომპლექსი წარმოდგენილია ბაზალტური შედგენილობის ტუფიტების , ბალიშალავებისა და ლავაბრექჩიების განფენებით, რომელთა სიმძლავრეები 5-70 მეტრამდე მერყეობს. ვულკანური სხეულები განმხოლოებულია 3-40 მეტრამდე სიმძლავრის პელიტ-ალევტოპელიტური ფიქლებით. აღინიშნება აგრეთვე 1.5-3.0 მ სიმძლავრის გამკვეთი დიაბაზის დაიკები. როგორც ვულკანური კომპლექსი, ისე დანალექი შუაშრეები ჰიდროთერმულადაა შეცვლილი. შესწავლილ უბანზე ფართედაა წარმოდგენილი, აგრეთვე, ვულკანიტების ნაშალი ლოდნარი დანაგროვებები, სადაც ცალკეული ლოდების მოცულობები 0.3-0.5 მ3 -დან 12-15 მ3 იცვლება და ხელსაყრელია ნედლეულის ზედაპირული მოპოვებისათვის. ამგვარად, მდ. ალაზნის ზემოწელში გამოვლენილი პლინსბახ-ტუარსული ვულკანური კომპლექსი,როგორც მოსაპირკეთებელი ქვის ნედლეული, პერსპექტიულია მოპოვებისათვის და უდაოდ იმსახურებს პრაქტიკულ ინტერესს. კომპლექსის პეტროლოგიური და ფიზიკო-მექანიკური კვლევის შედეგები მოხსენებაში იქნება წარმოდგენილი.
მიმაგრებული ფაილები:
Prospects for Mining of Pliensbachian-Toarcian Basalt Volcanic Complex as the Facing Stone Raw Material in the Upper Part of the River Alazani according to New Geological Data [en]პლინსბახ-ტოარსული ბაზალტური ვულკანური კომპლექსის, როგორც მოსაპირკეთებელი ქვის ნედლეულის, მოპოვების პერსპექტივები მდ.ალაზნის ზემოწელში, ახალი გეოლოგიური მონაცემების მიხედვით [ka]