ავტორიზაცია
მოზარდი ვირთაგვას სპერმატოგენეზის რეგულაციის და სივრცითი ორგანიზაციის შესწავლა
ავტორი: ირინა მოდებაძეთანაავტორები: დ. ძიძიგური, მ. მიქავა, ალ. კორძაძე, ნ. ჩადუნელი, ნ. პაპუნაშვილი
საკვანძო სიტყვები: სპერმატოგენეზი, ცილოვანი კომპლექსი.
ანოტაცია:
შესავალი. ზრდასრულ ძუძუმწოვრებში სპერმატოგენეზის პროცესი, რომელიც გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე დამოკიდებულია სპერმატოგენული ღერო უჯრედების პულზე. მათი ასიმეტრიული დაყოფით ერთის მხრივ ღერო უჯრედების პოპულაციის შენარჩუნება ხდება და ამავე დროს დასაბამი ეძლევა წინამორბედ უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან სპერმატოზოიდებს. სპერმატოგენეზი რეგულირდება მრავალი ზრდის ფაქტორით, როგორც ენდოკრინული ასევე პარაკრინულ/აუტოკრინული გზებით. თუმცა დღემდე ბოლომდე არ არის გარკვეული სპერმატოზოიდების გამრავლების, მომწიფების და დიფერენცირების პროცესების რეგულაციის და სათესლეს კლაკნილ მილაკებში სპერმატოგენეზის ტალღისებური გავრცელების მოლეკულური მექანიზმი. აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესის მარეგულირებელი ფაქტორების შესწავლას და მის გამოყენებას სხვადასხვა დარღვევებით გამოწვეულ პათოლოგიის მკურნალობაში. ჩვენს მიერ ადრე ნაჩვენები იყო, რომ ვირთაგვას სპერმატოზოიდები, სხვა ქსოვილების (ღვიძლი, პანკრეასი, თირკმელი, გული, ტვინი) მსგავსად, შეიცავს თერმოსტაბილურ ცილოვან ოკმპლექსს (თცკ). ელექტროფორეზული ანალიზით დადგენილია, რომ სხვადასხვა ქოვილებიდან გამოყოფილი თცკ მსგავსია. მიზანი. სპერმატოზოიდების ზრდის მარეგულირებელი ცილოვანი კომპლექსის შესწავლა და მოზარდი ვირთაგვას სათესლის კლაკნილი მილაკის 3D რეკონსტრუქცია. მასალა და მეთოდები. მასალა - მოზარდი ვირთაგვების სათესლე, გული და პანკრეასი; მეთოდები - უჯრედებიდან თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის (თცკ) სპირტული ექსტრაქცია; ფიქსირებული მასალიდან ჰისტოლოგიური პრეპარატების მომზადება; სინათლის მიკროსკოპში სერიული ანათლების ანალიზი; სივრცითი მოდელირების 3Dmax პროგრამა. შედეგები. გამოვლინდა, რომ ვირთაგვას სპერმატოზოიდებიდან გამოყოფილი თცკ ახდენს როგორც ჰომოტიპური ასევე ჰეტეროტიპური ქსოვილების პოლიფერაციის ინჰიბირებას მზარდ ინდივიდებში. სათესლეს შემთხვევაში პროლიფერაციულ აქტიურობას ვაფასებდით სპერმატოგენულად აქტიური და არააქტიური კლაკნილი მილაკების ჭრილების რაოდენობის თანაფარდობით. სერიული ანათლების მიკროსკოპული ანალიზით მოხერხდა სათესლეს კლაკნილი მილაკის 12 მმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რომელშიც განისაზღვრა სპერმატოგენულად აქტიური და არააქტიური უბნების სიდიდე. დასკვნები: 1. ზრდასრული თეთრი ვირთაგვას სპერმატოზოიდები, სხვა ქსოვილების მსგავსად, შეიცავს პროლიფერაციის დამთრგუნველ თერმოსტაბილურ ცილოვან კომპლექსს. 2. მოზარდი ვირთაგვებისთვის დამახასიათებელია სათესლეს კლალნილ მილაკებში სპერმატოგენურად განსხვავებული აქტიურობის მქონე უბნების მონაცვლეობითი განლაგება და ეს მონაცვლეობა ზრდასრულისგან განსხვავებით, ასაკობრივ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს.