ka | en
Company Slogan TODO

ღვიძლის კიბო

ავტორი: თამარ სიგუა
საკვანძო სიტყვები: ღვიძლის კიბო, ჰეპატოცეცულარული კარცინომა (ჰცკ), ეპიგენეტიკა, ქრომოსომული და გენური მუტაციები
ანოტაცია:

ღვიძლი მომნელებელი სისტემის უდიდესი ჯირკვალია. ზრდასრულ ადამიანში ღვიძლის მასა საშ. 1500გ-ია. ნამგლისებრი იოგით ღვიძლის დიაფრაგმული ზედაპირი მარჯვენა და მარცხენა წილებად იყოფა. ღვიძლში კიბო შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის ციროზის ფონზე ან მის გარეშე. კლინიკური სიმპტომები ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. თუკი ღვიძლის ციროზის ნიშნების ფონზე აღინიშნება საერთო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, წონაში სწრაფი დაკლება, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ვლინდება ღვიძლის ფუნქციების დარღვევის ლაბორატორიული ნიშნების ზრდა, ასციტი, ასევე იცვლება კეროვანი წარმონაქმნების ზომები ულტრაბგერითი ტომოგრაფიის მონაცემების მიხედვით, სავარაუდოა ღვიძლის კიბო არსებობა. დაავადების პროგრესირების დროს შესაძლებელია გამოვლინდეს მუცელშიგა სისხლჩაქცევა, სიყვითლე, ასციტი, სხვა სიმპტომები. კიბოს დიაგნოზის დადგენა ხდება სიმსივნის ბიოფსიით. დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლში ფეტოპროტეინის განსაზღვრას, რომლის დონე ჰეპატოცელულარული კიბოს დროს ავადმყოფთა 70-90%-ში მაღალია. დაავადების გავრცელების ხარისხს ადგენენ აგრეთვე ანგიოგრაფიის დროს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მეტასტაზურ კიბოსთან. ღვიძლის კიბო მეტასტაზები ვითარდება ორგანოს საზღვრებში, იშვიათად (30-50%) პერიპორტალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ძვლებში. სიმსივნის ტიპები პათოლოგიური უჯრედების სტრუქტურების მიხედვით  ჰეპატოცელულარული.  ქოლანგიოცელულარული.  ჰემატოქოლანგიოცელულარული - კარცინოსარკომა, ჰეპატობლასტომა.  მეზოდერმალური - ლიმფოსარკომა, ანგიოსარკომა, მეზენქიმომა.  არადიფერენცირებული. კლასიფიკაცია I სტადია- ერთეული სიმსივნური წარმონაქმნები არ არიან სისხლძარღვოვან სისთემაში გადასულები. მეზობელი ორგანოების ფუნქციები არ ირღვევა. დიაგნოსტირება რთულია. II სტადია - სიმსივნე სწრაფად იზრდება ზომებში და იცვლის ფორმას, სისხლძარღვებზე გადადის მეტასტაზირება. III სტადია -ავთვისებიანობის მიხედვით განარჩევენ ფორმებს A – სიმსივნე აზიანებს მსხვილ სისხლძარღვებს. B- ირღვევა ორგანოს მთლიანობა. C- კიბო გადადის სხვა ორგანოებზე. IV სტადია -ორგანო უფუნქციოა და წარმოადგენს „სიმსივნური უჯრედების წყაროს“ ღვიძლის კიბოს მეტასტაზები ყველაზე ხშირად ღვიძლშივე (შიდაორგანული მეტასტაზები) და კარის ვენის ლიმფურ კვანძებში ვითარდება, შემდგომ კი ვრცელდება ფილტვებში, პლევრაში, თირკმელებში, კუჭქვეშა ჯირკვალსა და ძვლებში. მკურნალობა ოპერაციულია – ორგანოს რეზექცია. არაოპერაბელური სიმსივნეების შემთხვევაში გამოიყენება პალიატიური ჩარევა: სიმსივნის კრიოდესტრუქცია ან ქიმიოპრეპარატების სისტემატური შეყვანა. პროგნოზი შემთხვევათა უმეტესობაში არაკეთილსაიმედოა. ქრომოსომული აბერაციები, როგორიცაა დელეციები და დუბლიკაციები, ხშირია ჰცკ-ს დროს. ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰცკ-ს დროს ადგილი აქვს მრავალრიცხოვან ქრომოსომულ დარღვევებს, უფრო ხშირად დელეციებს, გაზრდილ ქრომოსომულ არასტაბილურობას, რაც უკავშირდება ამ სიმსივნის გამოწვევას HBV ინფექციით. ძირითადი დარღვევები მოიცავს დუბლიკაციებს 1q, 8q და 17q ქრომოსომებში და 4q დელეციას. მთელი გენომის ანალიზის ტექნიკით მიღებულმა ბოლო დროის მონაცემებმა უჩვენა, რომ ჰცკ-ს დროს 1q, 5, 6p, 7, 8q, 17q და 20 ქრომოსომები განიცდინ დუბლიკაციებს (გაორმაგებებს), მაშინ როცა ადგილი აქვს 1p, 4p, 6q, 8p, 13q, 16, 17p, 21 ქრომოსომათა დელეციებს (დაკარგვებს). TP53 გენი, როგორც პირველი მუტირებული გენი ჰცკ-ს დროს, აღწერილი იყო 20 წელზე მეტი ხნის წინ და სულ ახლო წარსულამდე, ცნობილი იყო მხოლოდ 4 გენი, რომელიც იწვევს ღვიძლის კიბოს შემთხვევაში ყველაზე ხშირ დარღვევებს. TP53, CTNNB1 და AXIN1 გენები ჩვეულებრივ განიცდიან წერტილოვან მუტაციებსა და მცირე დელეციებს, ხოლო CDKN2A განიცდის ჰომოზიგოტურ დელეციას და ეპიგენეტიკურ „გაჩუმებას“. ბოლო წლებში, ტექნიკის განვითარების გამო შესაძლებელი გახდა მუტაციების მთელი სპექტრის ვიზუალიზაცია, რომელსაც ადგილი აქვს ჰცკ-ს დროს. ჰცკ-ს დროს, გენების დიდ ნაწილში ადგილი აქვს გლობალურ ჰიპომეთილირებას, ისევე როგორც პრომოტორის ჰიპერმეთილირებას. პრომოტორის ჰიპერმეთილირება, უმეტესწილად, განაპირობებს სიმსივნის სუპრესორებისა და ანტიპროლიფერაციური გენების დაზიანებას, რაც იწვევს გენის ექსპრესიის რეგულაციის დაქვეითებას. აგრეთვე აღმოჩენილია დარღვევები მიკრო რნმ-ს ექსპრესიაში, რომელთა უმეტესობაც დაკავშირებულია ჰცკ-ს უჯრედებში მეტაბოლურ ან ფენოტიპურ ცვლილებებთან.


მიმაგრებული ფაილები:

ღვიძლის კიბო [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com