ka | en
Company Slogan TODO

კირარი-აბაკურის მადნიანი კვანძის ოქროს გამოვლინებები

ავტორი: გიორგი ხარაზიშვილი
საკვანძო სიტყვები: სვანეთი, მონცოდიორიტი, ოქრო
ანოტაცია:

საქართველოს ტერიტორია ინარჩუნებს ოქროს საბადოების აღმოჩენის პოტენციურ შესაძლებლობას და ეს, პირველ რიგში, სვანეთის ქედზე, მის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, კირარ-აბაკურის მადნიანი კვანძის ფარგლებში. აქ ცნობილია მადანგამოვლინებები, რომლებიც თავისი გეოლოგიური, მინერალოგიური და გეოქიმიური თავისებურებებით მიეკუთვნება ოქრო-კვარც-მცირესულფიდურ საბადოთა საწარმოო ტიპს. აქ შუაიურული ასაკის მონცოდიორიტების სხეულის ენდოკონტაქტში განლაგებულია ოქროსმატარებელი კვარცის ძარღვები. მონცოდიორიტები კვეთს ე.წ. "დიზის სერიის" დანალექ ქანებს. დანალექი ქანებისათვის დამახასიათებელია ძლიერი აშლილობა, მილონიტიზირებული და დანაოჭებული ზონების არსებობა. სწორედ მათშია დაფიქსირებული კვარც-სერიციტ-ქლორიტიანი მეტასომატიტები და სულფიდების ჩანაწინწკლები. უშუალოდ ლუხრას ინტრუზივის და დიზის სერიის კონტაქტურ ზონაში დაფიქსირებულია კვარც-ბიოტიტიანი და კვარც-ბიოტიტიან-ანდალუზიტიანი ასოციაციები. ლუხრას ინტრუზივის აპიკალურ ნაწილში აღმოჩენილი სამი ოქროსშემცველი ზონა, მათგან ერთ-ერთში (მთავარ ზონაში რომლის სიმძლავრეც 14 მ-ია), ოქროს შემცველობა აღწევს 8.89გ/ტ და 7.48 გ/ტ-ს. განიხილება საკითხი ლუხრას პოტენციური საბადოს ჩამოყალიბების გენეტური პირობების შესახებ. ოქროს გადანაწილება, მისი კონცენტრირება ფოროვან წყლებში და სულფიდურ მინერალებში მოხდა მეტაგენეზისის სტადიაზე. შემდგომ, მანტიური პლუმების ზეგავლენის შედეგად (როგორც ჩანს მონცოდიორიტები პლიუმების დერივატებია), ოქროსშემცველი გარემო მაგმურ სისტემად ჩამოყალიბდა. ფლუიდებით გაჯერებული მაგმური მდნარი გადანაცვლებოდა დედამიწის ქერქის ზედა დონეებზე, სადაც წნევის და ტემპერატურის ვარდნის შედეგად ხდებოდა კაჟმიწიანი ორთქლ-გაზოვანი მობილიზატის გამოყოფა. აღნიშნული მობილიზატის და მეტამორფოგენული წყლების ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდებოდა ჰიდროსისტემა. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, შუაზედაიურულში, ჰიდროსისტემიდან გამოიყოფოდა კაჟიანი გელი და ოქროსშემცველი სულფიდები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com